თეგი: რუსეთ-უკრინის ომი

უკრაინა უკვე აწარმოებს ისეთ საშუალებებს, რომლითაც პორტებს რუსეთისგან დაიცავს - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე მუშაობს ისეთი საშუალებების წარმოებაზე, რომელებიც მას შესაძლებლობას მისცემს, გააძლიეროს პორტების ინფრასტრუქტურის დაცვა რუსული თავდასხმებისგან. „რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება", - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გააფორმა. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის შეგახსენებთ, რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა. იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“

დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით იქნება მის გამარჯვებამდე - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბრიტანელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინელებს, გამარჯვებამდე. შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინულ მედიასთან გააკეთა. „ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას მივაწოდოთ ის მხარდაჭერა, რომელიც გჭირდებათ პუტინის ძალებზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. […] ჩემი გზავნილი უკრაინას დღეს იგივეა, რაც მე ადრეც ვუთხარი ჯარისკაცებს: ჩვენ ვიქნებით თქვენთან, ვიდრე არ გაიმარჯვებთ,“ - წერს სუნაკი სტატიაში. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას, „გააცნობიეროს თავისი ბედი, როგორც უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია.“ შეგახსენებთ, რომ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განიხილეს შემდგომი თავდაცვის თანამშრომლობა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რაკეტებითა და ანტიდრონის შესაძლებლობებით.  

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მლნ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს, რის შედეგადაც მომავალ კვირებში უკრაინაში მეტი საბრძოლო მასალა ჩავა. „ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის,” - წერს დე კროო.  

რუსეთის პატრიარქის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ დაასკვნა, რომ „უკრაინის მთელი ტერიტორია მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში უნდა შევიდეს“

27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“ ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მონაწილეობს მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე. როგორც აღნიშნავენ, დოკუმენტში დამტკიცდა ყრილობაზე, რომელიც 27 მარტს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ კირილის თავმჯდომარეობით გაიმართა. დოკუმენტს ეწოდება "ბრძანება, რომელიც მიმართულია რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი." დოკუმენტის პირველი ნაწილი ომს ეთმობა (დოკუმენტში მას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰქვია). ომი გამოცხადებულია "რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად კრიმინალური „კიევის რეჟიმისა“ და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც იწარმოება „სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე.“ დოკუმენტი ასევე ასახავს „რუსული სამყაროს“ კონცეფციას. მასში ნათქვამია, რომ რუსული სამყაროს საზღვრები, „როგორც სულიერი, კულტურული და ცივილიზაციური ფენომენისა,“ „მნიშვნელოვნად უფრო ფართოა, ვიდრე ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის და დიდი ისტორიული რუსეთის სახელმწიფო საზღვრები.“ რუსულ სამყაროზეც ამბობენ, რომ მისი ფუნქციაა, იყოს გლობალური „შემკავებელი“. ტექსტის ავტორების აზრით, რუსეთი „ახალ მრავალპოლარულ სამყაროში უსაფრთხოებისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის როლს უნდა ასრულებდეს.“ დოკუმენტის ავტორებს ასევე სჯერათ, რომ ბელორუსები და უკრაინელები მხოლოდ რუსების სუბეთნიკურ ჯგუფებად უნდა აღიარონ. ასევე შემოთავაზებულია რუსეთში თავშესაფრის მიცემა „მილიონობით უცხოელისთვის, რომლებიც იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს.“ ცნობისთვის, პატრიარქ კირილს ომის დაწყების შემდეგ, პირდაპირი სიტყვებით მხარი არ დაუჭერია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში, მან სულ უფრო დაიწყო ლაპარაკი უკრაინისა და დასავლეთის დაგმობაზე და ომის გარკვეულ სულიერ მნიშვნელობაზე საუბარი. შემდგომში მან თქვა, რომ ყველა ეკლესიაში უნდა წაეკითხათ ლოცვა „წმინდა რუსეთის გამარჯვებაზე“ და ვინც უარს იტყოდა ამაზე, დაექვემდებარებოდნენ სანქციებს, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებას. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. ცივილიზებული სამყარო პუტინს და რუსეთის არმიის ჯარისკაცებს ომის დამნაშავედ თვლის.